წინააღმდეგობის პლატფორმა: თავდასხმები გერმანიაზე, მათ ელჩზე, ასევე EU-ის ელჩზე მიუღებელია

წინააღმდეგობის პლატფორმა: თავდასხმები გერმანიაზე, მათ ელჩზე, ასევე EU-ის ელჩზე მიუღებელია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა ეხმაურება გერმანიის ახალი მთავრობის მოწოდებას ქართული ოცნების მიმართ, უარი თქვას დეზინფორმაციაზე, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და შეწყვიტოს თავდასხმა გერმანიის ელჩზე.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე თქვა, გერმანიასა და მის ელჩზე, ასევე EU-ის ქვეყნებსა და ელჩებზე თავდასხმები სრულიად მიუღებელია და აღრმავებს საქართველოს იზოლაციას, რომელიც მისივე თქმით, "როგორც ჩანს ამ ხელისუფლების მიზანია".

"დღეს მოვისმინეთ ძალიან მკაცრი რეაქცია ახალი გერმანული ადმინისტრაციისგან იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ იმას, რომ თავიანთი ელჩი, რომელიც ნათქვამია განცხადებაში, რომ წარმოადგენს გერმანიის პოლიტიკას ამ ქვეყანაში, იქნა შეურაცხყოფილი ამ ხელისუფლების მიერ. ეს თავდასხმები გერმანიაზე, უშუალოდ როგორც ქვეყანაზე და მის წარმომადგენელზე აქ, ასევე თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე და სხვა თავდასხმები, არის სრულიად მიუღებელი, რამე თუ ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც, როგორც ჩანს, არის მიზანი ამ ხელისუფლების", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

***

გერმანიის ახალი მთავრობა ქართულ ოცნებას მოუწოდებს, უარი თქვას დეზინფორმაციაზე, ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და შეწყვიტოს თავდასხმა გერმანიის ელჩზე პიტერ ფიშერზე.

ეს ნათქვამია წერილში, რომელიც გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფორმულას კითხვის პასუხად გამოუგზავნა.

"გერმანია და ევროკავშირი იმეორებენ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, შეწყვიტოს ევროპის პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას.

შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანიის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია", - უთხრა ფორმულას გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.