პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი პლენარულ სხდომაზე ოპონენტებს ურჩევს, ჯენ ზის უცხო სიტყვებითა და ტერმინებით ნუ "ბრენდავენ", რადგან მათ ეს არ მოსწონთ.
"ჯენ ზი თაობით რომ ბრენდავთ, კარგი იქნება, გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ საერთოდ არ მოსწონთ ამ უცხო სიტყვებითა და ტერმინებით რომ ცდილობთ მათ გაბრენდვას", - თქვა წილოსანმა.
წილოსანის განცხადებით, სწორედ ჯენ ზის გამო გაიწვიეს რუსული კანონპროექტი, რადგან მათი ინტერესები გაითვალისწინეს. მისი თქმით, "უღირსი ადამიანები ცდილობენ, ეს თაობა მიისაკუთრონ და მათგან გამოყონ".
"ამ დღეების მანძილზე ვაკვირდებოდი, უღირსი ადამიანები როგორც ცდილობდნენ, ჯენ ზი თაობა მიესაკუთრებინათ, ისევე, როგორც ცდილობენ, პროევროპულობაზე მოიპოვონ მონოპოლია. ამ დღეების მანძილზე ახალგაზრდება თაობის სახელით რატომღაც საუბრობდნენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, მათი წარმომადგენლის სახელი დაირქვან, ცდილობდნენ, რომ ეს თაობა ჩვენგან გამოეყოთ, მაგრამ ეს თაობა სწორედაც, რომ ჩვენი შვილებია, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, ვიცით, რა მოსწონთ, რა იდეები აქვთ, რა უნდათ, რა საჭიროები აქვთ და სწორედ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს და რომ ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნები არიან, სწორედ ამიტომ გავაუქმეთ ეს ინიციატივა, რომელზეც ეს ამბავი ატყდა. მათი ინტერესები და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ამიტომ დავიხიეთ უკან", - თქვა წილოსანმა.
მასშტაბური გამოსვლებისა და პროტესტის შედეგად, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
დეპუტატებმა კანონპროექტი არც კი განიხილეს, პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენეს.
ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.