ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ პარტიის მოლაპარაკებები ერთ-ერთ კოალიციასთან დასრულების ფაზაშია და უმოკლეს დროში გახდება ცნობილი, თუ ვისთან გაერთიანდება ევროპული საქართველო.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ახლა მთავარი სტრატეგია ოქტომბერში არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეცვლაა.
"საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ევროპულ საქართველოში. პარტიის თავმჯდომარემ და წევრების ჯგუფმა დატოვა პარტია. ეს არჩევნებამდე ორი თვით ადრე ძალიან უსიამოვნო მომენტია და ნებისმიერ პარტიას საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენებს. შესაბამისად, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ვითარების სირთულეს, მაგრამ ჩვენი პარტიის რეგიონული ორგანიზაციების, მხარდამჭერების, ლიდერების დიდი ნაწილი არის პარტიაში. პარტიას ჰყავს მოქმედი პოლიტიკური საბჭო და ჩვენ ამ დღეების განმვლობაში ვმსჯელობთ, რა ტაქტიკური ნაბიჯები უნდა გადადგას პარტიამ. სტრატეგია არის ძალიან ნათელი - დღეს იმპერატივი, მთავარი ამოცანა არის ხელისუფლების დამარცხება და არჩევნების გზის ოქტომბერში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეცვლა"- თქვა წერეთელმა.
მისივე თქმით, პარტიის პასუხისმგებლობაა, მაქსიმალური შენატანი ჰქონდეთ ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაში, რათა ხმების კონსოლიდაცია მოხდეს.
"ჩვენ ადრეც გვქონდა გაცხადებული და ვაგრძელებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კონსულტაციებს, ეს ჩვენი საერთო გადაწყვეტილებაა და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ევროპული საქართველო იყოს კოალიციის ნაწილი. ჩვენ ყველა შესაძლო პარტიასთან გვქონდა მოლაპარაკება. ყველას მადლობა საქმიანი კონსულტაციებისთვის, მაგრამ ჩვენ უკვე ვასრულებთ ერთ კონკრეტულ კოალიციასთან მოლაპარაკებებს, დასრულების ფაზაშია და უმოკლეს ხანში ჩვენ შევძლებთ, საზოგადოებას ვაცნოთ, თუ რა იქნება ჩვენი გადაწყვეტილება და რომელი კოალიციის ნაწილი იქნება ევროპული საქართველო"- თქვა წერეთელმა.