
"ტრამპის მრისხანება ბოლო დღეებში სულ უფრო ძლიერდება" რუსეთის ქმედებებისა და უკრაინაზე თავდასხმების გააქტიურების გამო, - განუცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Axios-ს.
მისივე თქმით, პრეზიდენტი უკმაყოფილოა იმით, რომ მოსკოვი სამხედრო დარტყმებს აძლიერებს, მაშინ როცა ის აქტიურად ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას.
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს ახალი სანქციებისა და ტარიფების დაწესებით ემუქრება, რათა კრემლი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის შეთანხმებას დათანხმდეს.
ტრამპის ახალი მუქარა მნიშვნელოვანი ცვლილებაა მისი ადმინისტრაციის პოლიტიკაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი საჯაროდ დაუპირისპირდა რუსეთს, მაშინ როცა აქამდე უფრო რბილი დამოკიდებულება ჰქონდა ვლადიმირ პუტინის მიმართ, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხშირად აკრიტიკებდა.