თეთრი სახლი რუსეთის პრეზიდენტს ურჩევს, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ ომი, თუკი მას კურსკის რეგიონი აწუხებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა.
კირბიმ რუსეთის ოფიციალური პირების მტკიცებებს, რომ კურსკის რეგიონში შეტევა დასავლეთის მიერაა კოორდინირებული, პუტინის პროპაგანდა უწოდა და აღნიშნა, რომ ამას კრემლის მეთაური უკრაინაში შეჭრის დღიდან აგრძელებს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომს მხოლოდ რუსეთი აწარმოებს, ხოლო უკრაინა თავს იცავს აგრესიისგან.
"ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ასე იყო თავიდანვე. თუ პუტინი რაღაცით უკმაყოფილოა, არსებობს მარტივი გამოსავალი – გამოვიდეს უკრაინიდან და შეწყვიტოს ომი", - განაცხადა სპიკერმა.
***
პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.
კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".
6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.
უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".
12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.