თემურ ქათამაძის ადვოკატი: მუდმივი მონიტორინგისთვის კლინიკაში დარჩენაზე უარი უთხრეს

თემურ ქათამაძის ადვოკატი: მუდმივი მონიტორინგისთვის კლინიკაში დარჩენაზე უარი უთხრეს

ბათუმში, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული თემურ ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მუდმივი მონიტორინგისთვის სამედიცინო კლინიკაში დარჩენაზე უარი უთხრეს.

ასევე, ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას მხოლოდ თემურ ქათამაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ამასთან, ადვოკატის, მარიამ გაბროშვილის თქმით, თემურ ქათამაძემ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა.

"მიუხედავად მისი მოთხოვნისა, უარი ეთქვა მუდმივი მონიტორინგის მიზნებისთვის სამედიცინო კლინიკაში დარჩენაზე. რის შემდგომაც, უკვე თემურ ქათამაძე უარს ამბობს იმ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების შემოწმებაზეც დროებითი მოთავსების ცენტრში, რასაც ამ დღეების განმავლობაში უტარებდნენ.

შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, გვიწევს დავეყრდნოთ მხოლოდ მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას [..]

როგორც ის განმარტავს, თავს მხნედ გრძნობს, თუმცა შიმშილობის ამ ვადაზე, როდესაც საუბარია 37 დღეზე, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი. ის განაგრძობს საკუთარი უფლებების დაცვას, ბოლოს მან თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, რაც ამ ეტაპზე ერთადერთი საშუალებაა, რის საფუძველზეც ის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად დარჩეს", - თქვა ქათამაძის ადვოკატმა ფორმულასთან.