თემურ ქათამაძე თურქეთში გადაიყვანეს

თემურ ქათამაძე თურქეთში გადაიყვანეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე გუშინ თურქეთში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ მისი საცოლე, ნინო კაკულია ადასტურებს.

მისი თქმით, ქათამაძე გუშინ ღამეს, არდაღანში გადაიყვანეს. კაკულია ამბობს, რომ ეს ადგილი, სარფისგან მოშორებით განზრახ შეირჩა, რადგანაც იყო ინფორმაცია, რომ სარფთან მედროშის მხარდამჭერი აქცია იგეგმებოდა.

მისივე ცნობით, ქათამაძეს ქალაქ ორდუში გადაიყვანენ, სადაც მასზე საქმეა აღძრული

კაკულია ასევე მიგრაციის ცენტრის მუშაკების მხრიდან, თემურ ქათამაძის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც საუბრობს.

"ბოლოს თემური შაბათს ვნახე, უკვე მორალურად ემზადებოდა იმისთვის, რომ გააძევებდნენ. ორშაბათს დამირეკა და მთხოვა, რომ რამდენიმე საბუთი, იმ შემთხვევაში, რომ სარფთან მიმეტანა, თუ მას გაიყვანდნენ. გუშინ იწურებოდა ნებაყოფლობით ქვეყნიდან გასვლის ვადა და ამ უფლებით ვერ ისარგებლებდა, რადგანაც მას ვალიდური დოკუმენტი არ გააჩნია - თურქულმა მხარემ მას 2020 წელს პასპორტი გაუუქმა. ვერ მოხერხდა ერთჯერადი დოკუმენტის დამზადებაც.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გაეგზავნა ადვოკატების მხრიდან განცხადება, მაგრამ, როგორც ხედავთ, გუშინ ღამე თურქეთში, არდაღანში გადაიყვანეს. არა სარფის საზღვართან, რადგან შეიტყვეს, რომ იქ რაღაც სახის აქცია იგეგმებოდა.

დილით შემატყობინა თურქეთში მცხოვრებმა ჩვენმა მეგობარმა, რომელთანაც მე მუდმივ კავშირში ვარ. მას, თემურის თხოვნით დაუკავშირდნენ პოლიციიდან და შეატყობინეს, რომ ის თურქეთის ტერიტორიაზეა. დღეს აპირებდნენ ადვოკატები მასთან შესვლას, თუმცა ღამე მოუსწრიათ გაყვანა.

აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თემური ხშირად საუბრობდა მიგრაციის ცენტრის მუშაკებიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. გასულ პარასკევს მან სიმბოლური შიმშილობაც გამოაცხადა ამის გასაპროტესტებლად.

ბევრ ეჭვს ბადებს მისი ასეთი გაყვანა - ჩემთვის გაუგებარიც არის.

არის ქალაქ არდაღანში, გადაყვანილი იქნება ქალაქ ბორდუში, სადაც მის წინააღმდეგ აბსურდული საქმეა დაწყებული.", - თქვა მან.