საქართველოს პროკურატურის ცნობით, ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უწყების ცნობით, საქმე ეხება 2022 წლის 9 ოქტომბერს თელავში მომხდარ განზრახ მკვლელობას, რის შემდეგაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.
უწყების განცხადებით, 2022 წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ამ უკანასკნელს აეკრძალა ყოფილი ცოლის სახლთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. თუმცა ამის მიუხედავად, ის რამდენიმე დღეში მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში, რითაც მან შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები დაარღვია.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ განზრახ მკვლელობის ჩადენამდე, ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილ მეუღლეს, მეუღლის დედას და ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს და 5 ოქტომბერს პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა); 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ) და 11-151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით - (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის შეფარდება.
თუმცა 6 ოქტომბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ ცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 2000 ლარი შეუფარდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი თქმით, პროკურატურა არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა.
"ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა ყოფილ მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია", - აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების განცხადებით, თელავის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა, 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურის თქმით, სასჯელის დამძიმების მიზნით, ბრალდების მხარე განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.