საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და თანამშრომლების ნაწილის განცხადებით, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ისინი აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლების უხეში დარღვევა და მოქალაქეებთან სასტიკი დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტისა და სრულად საქართველოს ახალგაზრდობის პროტესტს. ხელმომწერთა სია განახლებადია.
"საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, იცხოვრონ ევროპულ სახელმწიფოში. ბოლო დღეებში ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, ხელისუფლების მიერ, კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლების უხეში დარღვევა და მოქალაქეებთან სასტიკი დაპირისპირების შემზარავი ფაქტები.
ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა დღეს დგას ქუჩაში და იბრძვის ევროპული მომავლისთვის. დაუშვებლად მიგვაჩნია ხელისუფლების მიერ მათზე ხელის აღმართვა!
სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენი სტუდენტებისა და სრულიად საქართველოს ახალგაზრდობის პროტესტს. ვდგავართ მათთან ერთად ჩვენი საერთო მომავლის დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.