
თეა წულუკიანი ქართული ოცნების ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტს მიმართავს, რომ "წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი" ე.წ. საგამოძიებო კომისიის სამუშაო ვადა გახანგრძლივდეს - 5 მაისის ნაცვლად, 5 ივნისს ამოიწუროს.
"მივმართავ საქართველოს პარლამენტს, როგორც არის საქართველოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა არა 5 მაისს, არამედ 5 ივნისს ამოიწუროს და ერთი თვით მაინც გაუგრძელდეს ჩვენს კომისიას მუშაობის ვადა",- თქვა მან.
ქართულმა ოცნებამ "2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.
კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.
მოგვიანებით, 1-ელ აპრილს თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა. დეპუტატებმა კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა“.
ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.