თეა კახიანი და დავით ველიჯანაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ტოვებენ

თეა კახიანი და დავით ველიჯანაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ტოვებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის მენეჯერი თეა კახიანი და მსახიობი დავით ველიჯანაშვილი არხს ტოვებენ. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელეს.

მათი გადაწყვეტილება ჟურნალისტების ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ტელევიზიიდან გათავისუფლებას უკავშირდება.

გუშინ პირველი არხის სახეები, ბრენდის წარმომადგენლები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს არხისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების ბრალდებით.

არხის მიკერძოებულობაზე საჯაროდ ილაპარაკესო. ანუ მიკერძოება კი არაა პრობლემა, არამედ ამაზე საჯაროდ ლაპარაკია პრობლემა.

ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე ადგილის პოვნა გაუჭირდეს თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს.

საკუთარ თავსაც მოვიაზრებ ასეთად. ასევე, არხი დატოვა დავით ველიჯანაშვილმა. ვიცი რომ არა ერთი სხვაც ან საკუთარი განცადებით წავა ან უბრალოდ სხვადასხვა მოტივით გაუშვებენ.

სამწუხაროათქო რომ ვთქვა მოვლენების არსს ვერ გამოვხატავ. თუ გადავრჩი როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა საზოგადოებრივი სახსრებით დაფინანსებულ არხზე, რომელსაც სულ რამდენიმე წლის წინ დიდი ამბიციები ჰქონდა" ,- წერს კახიანი.

ველიჯანაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ რადიოს გადაცემის წამყვანის პოზიციის დატოვებაზე განცხადება დაწერა.

"რადგან გავრცელდა ინფორმაცია, დავაზუსტებ:

პირველ არხზე, რადიოს გადაცემის წამყვანის პოზიციის დატოვებაზე განცხადება დაწერილი მაქვს. ჯერ განცხადება ძალაში არ შესულა.

მადლობა ყველას ყურადღების გამოხატვისთვის", - წერს ველიჯანაშვილი.

11 აპრილს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს.

"დღეს დირექტორთა საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. ამ გადაწყვეტილების შესახებ მე რამდენიმე წუთის წინ გამაცნო თინათინ ბერძენიშვილმა. ეს იყო სიტყვიერი შეხვედრა და ამ გადაწყვეტილების ოფიციალური ნაწილი უშუალოდ იურისტისგან და ადამიანური რესურსებისგან მე უნდა ჩამბარდეს", - თქვა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

"40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელში, ზუსტად 2 წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაილოვმა და თამარ შუბლაძემ მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ უნდა გაგიშვათო, რა თქმა უნდა ეს საქმე წავა სასამართლოში",- თქვა ნინო ზაუტაშვილმა.