თბილისს დღეს გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი ბარბელ ბასი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს.
შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და ბარბელ ბასი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
გერმანელი პოლიტიკოსი ასევე შეხვდება პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
მხარეები განიხილავენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ნაბიჯებს, ასევე რეგიონში განვითარებულ პროცესებს უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე.
ბარბელ ბასი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა, სადაც რუსეთის უკანონო ქმედებების შედეგებს ნახავს.
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გაგრძელდება.