რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალის მიმდებარედ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური ჟურნალისტებთან მისი ძმის მკვლელობის გარემოებებზე საუბრობს.
მისი თქმით, თამაზ გინტური მშობლების საფლავზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, ლომისის ეკლესიაში მივიდა, მანქანით უკანა გზაზე წამოსვლისას კი ოკუპანტებმა დაცხრილეს. გივი გინტურის თქმით, მის ძმას 2 ტყვია აქვს ზურგში მოხვედრილი.
"ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი მშობლების საფლავზე, გაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქაც ასვლა, ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა მანქანით, უკნიდან დაცხრილეს. მე გორში ვიყავი და რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო. 2 ტყვია აქვს ზურგში მოხვედრილი. [...] 2008 წელში მონაწილეობდა ომში, წოდებით მაიორი იყო და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც", - თქვა გივი გინტურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.