თალაკვაძის თქმით, სტატუსზე გადაწყვეტილების დაგვიანებამ რუსეთის "გააქტიურება გამოიწვია"

თალაკვაძის თქმით, სტატუსზე გადაწყვეტილების დაგვიანებამ რუსეთის "გააქტიურება გამოიწვია"

ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების დაგვიანებამ რუსეთის "გააქტიურება გამოიწვია". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და ასე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

"ეს გადაწყვეტილება, სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული რუსეთის ფედერაციას და ეს გადაწყვეტილებაც ცალმხრივად მიიღო რუსეთის ფედერაციამ. შესაბამისად, დღეს რადიკალური ოპოზიციის განცხადებები და ბრალდებები გახლავთ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და გახლავთ სიცრუე [...] საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რასაკვირველია, გამოიწვია მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და გამოიწვია ისეთი გადაწყვეტილებების განხილვაც, რომელიც დღეს არის სახეზე", - განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა. შესაბამისი განკარგულების თანახმად, 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.