
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, - კომენტარს IPN-ი ავრცელებს.
როგორც მან მედიას განუცხადა, პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება.
„ყველაფერი უტარდება, რაც სჭირდება. მდგომარეობა მძიმეა. [ქირურგიული ჩარევა] ჩვენთან არ დასჭირვებია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
შეგახსენებთ,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია — დაზიანებულია ფილტვი, თუმცა ექიმების განცხადებით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარი შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით. მედიის ინფორმაციით, ის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია.