ტურავა: წარმოებაში მისაღებად მაქსიმალური ვადა 1 თვეა, დაჩქარებული წესის აუცილებლობა არაა

ტურავა: წარმოებაში მისაღებად მაქსიმალური ვადა 1 თვეა, დაჩქარებული წესის აუცილებლობა არაა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და პარლამენტის 30 წევრის მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელები ერთდროულად განიხილება.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი გუშინ დაარეგისტრირა, პარლამენტის წევრების სარჩელი კი ჯერ არ დარეგისტრირებულა. მერაბ ტურავას თქმით, წარმოებაში მისაღებად მაქსიმალური ვადა ერთი თვეა და არავითარი დაჩქარებული წესის აუცილებლობა არ არის.

"2 სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. ჯერ, რა თქმა უნდა, გაერთიანებული არ არის, იმდენად, რამდენადაც მეორე სარჩელი ჯერ რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა.

რაც შეეხება ვადებს, ორივე სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, ორივე სარჩელი ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს. [ვადებთან] დაკავშირებით დღეს ვიკრიბებით ჩვენ, დღის მეორე ნახევარში, თუ როგორი იქნება ჩვენი ასევე დროით ამ სარჩელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ამაზეც დღეს შევთანხმდებით.

მაქსიმალური ვადა არის 1 თვე. 1 თვის განმავლობაში ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს, 1 დღიდან 1 თვემდე. როდესაც ორივე სარჩელი დარეგისტრირდება, უკვე იმ მომენტიდან იწყება ორივე სარჩელზე მუშაობა, შესაბამისად, როცა მზად იქნება პირველი ეტაპი, იმ დროს ის აქტი, რომელიც იქნება სასამართლოს მიერ მომზადებული გამოქვეყნდება. არავითარი დაჩქარებული წესის აუცილებლობა არ არის, იმიტომ რომ ეს საკითხი, ისედაც, კანონმდებლობიდან გამომდინარე არის დაჩქარებული", - თქვა მერაბ ტურავამ.

ჟურნალისტებმა მერაბ ტურავას ჰკითხეს, რამდენად კონსტიტუციურია 25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევა, როდესაც არჩევნების ლეგიტიმურობა სასამართლოშია გასაჩივრებული, რაზეც მან თქვა, რომ "განმარტებას არ გააკეთებს, იმიტომ რომ ეს მათი განხილვის საკითხი არ არის".

19 ნოემბერს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ამავე დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის თაობაზე ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ყველა ინსტანციაში სცადონ სამართლებივი დავა.

"ხვალ დილას შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს არის არა იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარაა დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ", - თქვა პრეზიდენტმა.