კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ სამიზნეებს ადვილად აიღებდა, თუმცა ის ბევრ რამეში ცდება.
ამის შესახებ ტრუდომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის დასავლელ პარტნიორებთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
"ორი წლის წინ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ქვეყნის თავზე ბომბები ცვიოდა, მშვიდობიანი მოქალაქეები მიზანში ამოიღეს. პუტინი დარწმუნებული იყო, რომ სამიზნეებს ადვილად აიღებდა, მაგრამ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ სწორედ იმიტომ, რომ პუტინი ცდებოდა. ის ბევრ რამეში ცდება", - აღნიშნა მან.
დღეს რუსეთის შეჭრიდან ორი წლის თავზე ევროპელი ლიდერები უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ. კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერმინისტრები იმყოფებიან.
დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.