კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს მოიგებს. მისი თქმით, კანადა კიევის დახმარებას გააგრძელებს.
"ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - თქვა კანადის პრემიერმა.
ტრუდო აღნიშნავს, რომ კანადა უკრაინას სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით დაეხმარება.
2022 წლის 14 ნოემბერს, კანადამ უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოყო. კანადის პრემიერმინისტრის თქმით, კანადამ ომის დაწყებიდან დღემდე, 3.4 მილიარდი დოლარი უკვე გამოყო, რათა ქვეყანამ თავდაცვა გააუმჯობესოს და მიიღოს საჭირო სამხედრო აღჭურვილობა.