ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ადამიანი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და ამ სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომით ექსპლუატაციის მიზნით, ცოლს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფსიქიკური ანგარიშსწორების მუქარით, ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

"ასევე, გამოძიებით დადგენილია რომ დაკავებულმა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შშმ პირი თბილისიდან ქუთაისში, მოტყუებით წაიყვანა, რომელსაც სხვადასხვა ქუჩასა და საავტომობილო გზებზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს კი, სრულად ისაკუთრებდა.

იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა", - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.

დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.