Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპი ახალ გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა.
გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპს ორმა მთავარმა მრჩეველმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ გეგმა წარუდგინა. გეგმა უკრაინისთვის უფრო მეტი ამერიკული იარაღის გადაცემას (თუ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს) მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა.
ამასთან, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ აშშ მოსკოვს აფრთხილებს იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში, აშშ უკრაინის მხარდაჭერას გაზრდის.
კელოგისა და ფრედ ფლეიცის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით, რომლებიც 2017-2021 წლებში დონალდ ტრამპის ეროვნული უშიშროების საბჭოში შტაბის უფროსები იყვნენ, ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არსებულ ფრონტის ხაზების საფუძველზე მოხდება.
ფრედ ფლეიცის ცნობით, გეგმას დონალდ ტრამპი დადებითად გამოეხმაურა.
"არ ვამტკიცებ, რომ ის გეგმას ან თითოეულ სიტყვას დაეთანხმა, მაგრამ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასეთი გამოხმაურება მივიღეთ", - განაცხადა ფრედ ფლეიცმა.