
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პირველ კომენტარს ავრცელებს.
ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა და მისი "სულისკვეთება შესანიშნავი იყო."
აშშ-ს პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება, რის შესახებაც მან საუბრის შემდეგ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დასავლელ სხვა ლიდერებსაც აცნობა.
იგი ასევე აცხადებს, რომ რუსეთს ვაშინგტონთან ფართომასშტაბიანი ვაჭრობის წამოწყება სურს, ხოლო ამ მხრივ უკრაინასაც, ქვეყნის აღდგენის საკითხში, "შეუძლია დიდი ბენეფიციარი იყოს."
"ახლახან დავასრულე ჩემი ორსაათიანი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მე მჯერა, რომ ყველაფემა კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასრულების შესახებ. ამის პირობები ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით შეთანხმდება. ეს მხოლოდ იმიტომ შეიძლება მოხდეს, რომ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რომელთა შესახებაც სხვა არავინ იცის. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. თუ ეს ასე არ იქნებოდა, ამას ახლა ვიტყოდი, ვიდრე მოგვიანებით.
რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, როდესაც ეს კატასტროფული "სისხლის ღვრა" დასრულდება და ამას მეც ვეთანხმები. რუსეთს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს შექმნას დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილები და სიმდიდრე. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ანალოგიურად, უკრაინას შეუძლია დიდი ბენეფიციარი იყოს ვაჭრობის კუთხით, ქვეყნის აღდგენის პროცესში.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან საუბრის დასრულებისთანავე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს ვაცნობე. ვატიკანმა, რომელსაც პაპი წარმოადგენს, განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესებული იქნებოდა მოლაპარაკებების მასპინძლობით. დაე, დაიწყოს ეს პროცესი!", - წერს ტრამპი.