The Guardian-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი რუსეთს ანადგურებს იმით, რომ უკრაინასთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას არ დებს.
მისივე თქმით, რუსეთი "ნელა და დამღლელად" ომობს, თითქმის მილიონი რუსი ჯარისკაცია მოკლული და ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ ეს ომი დასრულდება.
"პრეზიდენტ პუტინს უნდა დაველაპარაკო. გულანთებული ვერ იქნება - კარგად არ აქვს საქმე. ის ნელა და დამღლელად ომობს, მიუხედავად იმისა, რომ ეგონათ, ომი ერთ კვირაში დამთავრდებოდა - ახლა უკვე მესამე წელია.
შეუძლებელია, აღფრთოვანებული იყოს, ეს მას კარგად არ წარმოაჩენს. ვფიქრობ, ის უკეთ იქნება, თუ ამ ომს დაამთავრებს. ჩვენი სტატისტიკით, თითქმის მილიონი რუსი ჯარისკაცია მოკლული, ხოლო დაახლოებით 700 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. რუსეთი უფრო დიდია, მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ქვეყანა ასეთი გზით არ იმართება", - განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობა მიულოცა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის ომთან დაკავშირებით დიალოგისთვის ღიაა.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიზანი არ უნდა იყოს ხანმოკლე ზავი… არამედ ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია ყველა ადამიანის ლეგიტიმური ინტერესების პატივისცემაზე", – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი "ხვალ ან ზეგ" არ დასრულდება და ამისთვის დროა საჭირო. მაკრონმა ევროპას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა და ურჩია, მეტი დახარჯოს თავდაცვაზე, რათა აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს.
"მოდით, თავი არ მოვიტყუოთ, ეს კონფლიქტი არ დასრულდება ხვალ ან ზეგ. რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავი ახლოვდება შემდეგ თვეში და ტრამპის ადმინისტრაცია სულ ახლახან გვთავაზობს მის დასასრულებლად რამდენიმე თვის ვადას", - განაცხადა მაკრონმა საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილ საახალწლო მიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა მოიწონა.
"პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მის მიერ გამოცხადებული მშვიდობის გაძლიერების პოლიტიკა აშშ-ის ლიდერობის გაღრმავებასა და გრძელვადიანი და სამართლიან მშვიდობის მიღწევის საწინდარია, რაც მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა ზელენსკიმ.
***
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
დონალდ ტრამპმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის ჯონ რობერტსის წინაშე დადო.
"მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში დავიცვა და აღვასრულო აშშ-ის კონსტიტუცია", - თქვა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების დროს.
ფიცის დადების ცერემონია უამინდობის გამო კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართა. კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია ბოლოს 1985 წელს რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა.
კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 2 600-მდე ადამიანი დაესწრო.
დონალდ ტრამპამდე ფიცი ასევე დადო ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა. ის აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი იქნება.