ტრამპი: მედვედევის გამო 2 ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის ადგილას განლაგდება

ტრამპი: მედვედევის გამო 2 ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის ადგილას განლაგდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, აშშ ორ ბირთვულ წყალქვეშა ხომალდს "შესაბამის რეგიონებში განათავსებს."

მისი თქმით, ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ შემთხვევისთვის, თუ მედვედევის რიტორიკა მხოლოდ "პროვოკაციულ და სულელურ" სიტყვებს არ წარმოადგენს.

"რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, მე გავეცი ბრძანება ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განლაგების შესახებ - იმ შემთხვევაში, თუ ეს სულელური და პროვოკაციული განცხადებები მხოლოდ ამას [სიტყვებს] არ წარმოადგენს. სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად შეიძლება გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს, იმედი მაქვს, რომ ეს ასეთი შემთხვევა არ იქნება. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!" - წერს ტრამპი.

28 ივლისს მედვედევი ტრამპის, პუტინის მიმართ წაყენებულ, 10 დღიან ულტიმატუმს გამოეხმაურა და თქვა, რომ ყოველი ამგვარი ქმედება, ომისკენ გადადგმული ნაბიჯია საკუთარ ქვეყანასთან.

2 თვით ადრე კი დიმიტრი მედვედევმა უპასუხა დონალდ ტრამპს, რომელმაც ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა. „რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს იმის შესახებ, რომ პუტინი „ცეცხლს ეთამაშება“ და რუსეთს „ძალიან ცუდი“ რაღაცები ემართება, მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი. ვიმედოვნებ, ტრამპს ეს ესმის!“ – წერს მედვედევი.