სუს: გაფლანგვის ფაქტზე თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და კიდევ 2 პირი დავაკავეთ

სუს: გაფლანგვის ფაქტზე თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და კიდევ 2 პირი დავაკავეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. დააკავეს.

მათი ინფორმაციით, ისინი დააკავეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

უწყების განცხადებით, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფოს სულ მცირე 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით:

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ისე წარმართეს, რომ ბაზრის რეალური კვლევა ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ. იმავდროულად, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ვ. მ.-სთან ახლო კავშირში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიეღოთ.

ამასთანავე, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა.

შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.

გამოძიებით აგრეთვე დადგენილია მნიშვნელოვანი გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფოს სულ მცირე 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.

ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთანავე, გამოძიება გრძელდება სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით".