სუდანში დაპირისპირებული მხარეები დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სუდანში დაპირისპირებული მხარეები დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სუდანში დაპირისპირებული მხარეები დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც ორშაბათს შუაღამით ამოქმედდა. სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებას ამ დროისთვის იცავენ.

ამ თვეში ეს უკვე ცეცხლის შეწყვეტის მესამე შეთანხმებაა, თუმცა წინა ორი წარუმატებელი აღმოჩნდა. ბოლო მონაცემებით, 15 აპრილის შემდეგ სულ მცირე 400 ადამიანი დაღუპული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების 72-საათიანი პაუზა შეთანხმებულია არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის.

დედაქალაქ ხარტუმში დაპირისპირების დაწყების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას უთხრეს, სახლებში დარჩენილიყვნენ, საკვებისა და წყლის მარაგები კი იწურებოდა. დაბომბვებმა დააზიანა წყლის მილები.

ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ თავისი მოქალაქეების გაყვანა დაიწყო, რომლებიც სუდანში ჩარჩნენ. დედაქალაქის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც.

2021 წლის გადატრიალების შემდეგ სუდანს გენერლების საბჭო მართავს, რომელსაც ორი პირი ხელმძღვანელობს - გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი და ფაქტობრივი პრეზიდენტი, და მისი მოადგილე და RSF-ის ლიდერი მოჰამედ ჰამდან დაგალო, იგივე ჰემედტი.

გენერალმა დაგალომ დაადანაშაულა გენერალი ბურჰანის მთავრობა "რადიკალურ ისლამიზმში" და რომ ის და RSF "იბრძოდნენ სუდანის ხალხისთვის იმ დემოკრატიული პროგრესის უზრუნველსაყოფად, რაც მათ ამდენი ხანი სურდათ". ბევრს უჭირს ამ გზავნილის დაჯერება, RSF-ის ისტორიის გათვალისწინებით.

გენერალმა ბურჰანმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს სამოქალაქო მმართველობაში დაბრუნების იდეას, მაგრამ ის ხელისუფლებას მხოლოდ არჩეულ მთავრობას გადასცემს.