
პროტესტში ჩართული სტუდენტური მოძრაობები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან განცხადებებით ეხმაურებიან კოალიცია ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
ისინი ემიჯნებიან ამ გადაწყვეტილებას და ბოიკოტის მნიშვნელობაზე მიუთითებენ.
ჯიპას სტუდენტური ერთობა:
"ჯიპას სტუდენტური ერთობის წევრები თვეების განმავლობაში აქტიურად ვართ ჩართული პროტესტში. ამ ბრძოლის მანძილზე არაერთ მოძალადე, სამშობლოს მოღალატე და ცრუ მოწმე პოლიციელს შევხვდით. სწორედ ამ პოლიციელების საშუალებით ატარებს რეჟიმი კერძო ინტერესებს და აკავებს იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.
ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ განვიცადეთ სხვადასხვანაირი ღალატი რეჟიმისგან; მაგალითად: გაყალბებული არჩევნები, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა, თანამოქალაქეების უკანონო დაკავებები და მათთვის მრავალი წლით თავისუფლების აღკვეთა…
ამ ყველაფრის შემდეგ „ოპოზიციური“ პარტიებისა და კოალიციების ნაწილი, მათ შორის „ძლიერი საქართველო“ და „საქართველოსთვის“, გეგმავს მონაწილეობას იმ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც კვლავ ბიძინა ივანიშვილის კონტროლს დაქვემდებარებული ცესკო ჩაატარებს. მათი ეს გადაწყვეტილება უპატივცემულობა და დაცინვაა.
თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ჩვენ, სტუდენტები, დავიწყებთ აქტიურად ამ პოლიტიკური პარტიების მხილებას, რათა საზოგადოებამ გაიცნოს მათი მოღალატეობრივი სახე. ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც უგულებელყოფს ხალხის ნებას და სინდისის პატიმრების ბრძოლას, საბოლოოდ უნდა დატოვოს პოლიტიკური ასპარეზი.
ბოიკოტი ბიძინას ცესკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს! დიდება დამოუკიდებელ საქართველოს!", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა:
"ჩვენ, ილიაუნის სტუდენტური მოძრაობას, აქამდეც არაერთხელ დაგვიფიქსირებია პოზიცია ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და დღეს, პარტია ლელოს გადაწყვეტილების ფონზე, კიდევ ერთხელ, აუცილებლად, მიგვაჩნია, ჩვენი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა.
ვფიქრობთ, რომ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რეჟიმის იზოლაცია და მისი დარღვევისკენ მიმართული ყველა ნაბიჯი ჩვენთვის ღალატს უდრის. ეს არის ღალატი 218 დღიანი უწყვეტი პროტესტისა, ღალატი პოლიტიპატიმრების და ღალატი ამ ქვეყნის 70%-ის, რომელიც მომავალი ე.წ. არჩევნების ბოიკოტის მომხრეა.
არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ რუსული რეჟიმის მიერ მოწყობილი არჩევნებად წოდებულ ფარსში და ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც „სისტემურ ოპოზიციად“ და რეჟიმის სასურველ დეკორაციად იქცა.
გვჯერა, რომ გამარჯვება არა თანამშობლობაში, არამედ ჩვენს პრინციპულობაშია. ძალა ერთობაშია! ძალა სტუდენტების ერთობაშია!", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ახალგაზრული ორგანიზაცია თავისუფალი თაობა:
"ვიყავით და ვართ ბოიკოტის მომხრე . 28 ნოემბრიდან ოფიციალურად შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი ,ციხე გადავსებულია ახალგაზრდებით,პოლიტიკოსებით.
რუსთაველზე უწყვეტი პროტესტის პარალელურად , ივანიშვილის რეჟიმმა დახურა სასამართლო, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ყოველდღიურად აყალიბებს საპოლიციო რეჟიმს.
ამ მოცემულობაში, დაყოფილი ოპოზიციით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება.
ოპორტუნისტი კარიერისტები, რომლებიც მორალურ კომპრომისზე მიდიან უნდა ჩაირეცხონ, გინდ ახალგაზრდა იყოს ,გინდ მხრცოვანი. თავისუფლება სინდისის პატიმრებს!", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ფრიუნისა და აგრუნის სტუდენტური მოძრაობა:
"ვინაიდან, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და 20 ივნისის შემქმნელ გიორგი გახარიას მიერ ჩამოყალიბებულმა პარტიებმა გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა, საჭიროდ მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
არსებული რეჟიმის იზოლაცია კრიტიკული მნიშვნელობისაა. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ იზოლაციის დარღვევისკენაა მიმართული, ჩვენს თვალში განიხილება როგორც არა პოლიტიკური შეცდომა, არამედ ღალატი. ღალატი იმ ადამიანების, ვინც თავისუფლებისთვის თავიანთი სიცოცხლის ყველაზე ძვირფას წლებს თმობენ.
ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი თანატოლების, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების, სინდისის პატიმრების ოჯახებს ზურგს აქცევენ.
ნუ გეგონებათ, რომ საზოგადოება ვერ ხედავს, ვინ იბრძვის თავისუფლებისთვის და ვინ თამაშობს დადგმულ სპექტაკლში. არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმ "არჩევნებში", რომელშიც გამარჯვება არა ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ კულისებს მიღმა გარიგებებზეა დაფუძნებული", - ვკითხულობთ განცხადებაში.