
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტრამერის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი უკრაინაზე ხელახალი შეტევისგან ეფექტურად უნდა შეაჩეროს. ამის შესახებ სტრამერმა პარიზში, ევროპელ ლიდერებთან საგანგებო მოლაპარაკებების შემდეგ ისაუბრა.
"აშშ-ის უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზაა, რომ ეფექტურად შეაჩეროს რუსეთი უკრაინაზე ხელახლა შეტევისგან", - თქვა სტრამერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი მომავალ კვირას ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად გაემგზავრება, რათა ხანგრძლივი მშვიდობის ძირითადი ელემენტები განიხილონ.
***
18 თებერვალს საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები უკრაინაში 2022 წლიდან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ მიმდინარე ომს განიხილავენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში იმყოფებიან.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომის საკითხთან დაკავშირებით საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების სამომავლო შეხვედრაზე უკრაინას არანაირი ინფორმაცია ჰქონდა.
"უკრაინა ამ შეხვედრის მონაწილე არ იქნება. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე, უშედეგოდ მიიჩნევს", - თქვა ზელენსკიმ.