NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ომის მეორე წლისთავს ეხმაურება.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ომი იმისთვის წამოიწყო, რომ NATO-ს კარი დაეკეტა და უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება წაერთმია, თუმცა საპირისპიროს მიაღწია.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინა ახლა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე და ის ალიანსში გაწევრიანდება. როგორც თავად სტოლტენბერგი აცხადებს, ეს უბრალოდ დროის საკითხია.
"ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები შევიდნენ უკრაინაში და ევროპაში, მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი დაიწყო. უპირველესად, მინდა, პატივი მივაგო ყველა იმ მამაც უკრაინელს, ვინც დაიღუპა ან დაიჭრა სამშობლოს დაცვის დროს.
პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი დაიწყო, რათა NATO-ს კარი დაეკეტა და წაერთმია უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება, მაგრამ მან ზუსტად საპირისპიროს მიაღწია. უკრაინა ახლა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება, ეს უბრალოდ დროის საკითხია, ვემზადებით ამ დღისთვის. NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - თქვა სტოლტენბერგმა.
დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.