NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინისთვის NATO-ს საიუბილეო სამიტისგან მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს NATO-სთან.
"მაქვს მოლოდინი, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს ნატოსთან. გასულ წელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ და წელსაც მაქვს [მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების] მოლოდინი", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, უნდა ელოდონ თუ არა ვაშინგტონის სამიტზე ქმედით ნაბიჯებს უკრაინის NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით, რაზეც იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებეს, რომ უკრაინა NATO-ს წევრობასთან უფრო ახლოს მივიდეს.
"რათა უკრაინა უფრო ახლოს მივიდეს ნატოს წევრობასთან. ეს, ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოპერაციულ დონეზე სრულად ინტეგრირებული გახდნენ ნატოს სტანდარტებთან და, მეორე მხრივ, პოლიტიკური ინტეგრაციის გაღრმავების ხელშეწყობას უკრაინასა და ნატოს შორის. ჩვენ ვახორციელებთ იმას, რაზეც უკვე შევთანხმდით და ასევე ახალ გადაწყვეტილებებს ველით", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა მესამე მსოფლიო ომის საფრთხესთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარაზეც ისაუბრა. კითხვაზე, "როგორც ჩანს, პუტინი არ იაზრებს მოსაზრებას, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია", სტოლტენბერგმა თქვა, რომ NATO დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია და არასდროს აიძულებს ვინმეს ალიანსში გაწევრიანებას.
სტოლტენბერგის თქმით, დემოკრატიული საზოგადოებისთვის ალიანსის კარი ღიაა და NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ ქვეყნებმა. მისივე თქმით, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ არ სურს ალიანსის წევრობა, ამას "NATO პატივს სცემს, როგორც სხვა ქვეყნების სურვილს, შეუერთდნენ ალიანსს".
"მაგრამ ნატო სწორედაც რომ თავდაცვითი ალიანსია - რომელსაც ერთი მილიარდი მოსახლეობის დაცვა ევალება. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსი, და ჩვენი კარი ღიაა სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის, რომლებიც თავად წყვეტენ, შეუერთდნენ თუ არა ნატოს. ნატო არასოდეს აიძულებს ვინმეს ალიანსში გაწევრებას, ისტორიას ასეთი შემთხვევა არ ახსოვს. ასე რომ, ეს არაა „ნატოს აგრესიული ექსპანსია აღმოსავლეთით“ - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ბევრი და დიდხანს იშრომეს, რომ ალიანსს შეერთებოდნენ. და ჩვენ ვთქვით: თუ ნატოს სტანდარტებს აკმაყოფილებთ, თუ დემოკრატიული საზოგადოება ხართ, ჩვენი კარი ღიაა, მაგრამ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. თუ გადაწყვეტთ, რომ ნატოს წევრობა არ გსურთ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. და, რაღა თქმა უნდა, პატივს ვცემთ თქვენ სურვილსაც, გახდეთ ალიანსის წევრი. ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.