12-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში - სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად მოცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.
ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ბოლო 5 თვის მანძილზე, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები 9 ნაბიჯის შესასრულებლად, კერძოდ, აღნიშნავენ, რომ 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია, 2 პუნქტში კი უმნიშვნელო პროგრესია.
ორგანიზაციების შეფასებით, უმნიშვნელო პროგრესია მეორე (ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება) და მეშვიდე (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) ნაბიჯების თვალსაზრისით.
სტატუსმეტრის მიხედვით, შესასრულებელია შემდეგი პირობები: დეზინფორმაციასთან ბრძოლა, პოლარიზაციის დაძლევა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საპარლამენტო ზედამხედველობა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, მართლმსაჯულების რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოებასთან ბრძოლა.
"სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს.
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებენ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგენენ შეფასებას არსებული მდგომარეობის შესახებ და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას.
ამავდროულად, კოალიცია მზადაა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატებში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად", - აღნიშნულია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
9 ნაბიჯის შესაბამის თემატურ მიმართულებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: