სტამბოლის მერს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა – თურქეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება

სტამბოლის მერს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა – თურქეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება

თურქეთის სასამართლომ კვირას სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ დააკავა და პატიმრობა შეუფარდა სასამართლო განხილვის დასრულებამდე. ამ ფაქტმა ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს.

პროკურატურამ სასამართლოს იმამოღლუსა და მისი ოთხი თანაშემწის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა. საქმე კორუფციისა და დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებებს ეხება. თურქეთის ხელისუფლებამ იმამოღლუ გასულ კვირას დააკავა, რის შემდეგაც ქვეყანაში ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

ხუთშაბათიდან ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ათზე მეტ ქალაქში, მათ შორის სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში. აქციები ძირითადად მშვიდობიანი ხასიათისაა და ისინი იმამოღლუს დაკავებას აპროტესტებენ.

CNN Turk-ის ინფორმაციით, სასამართლომ კვირას ოფიციალურად დააკავა იმამოღლუ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებებით. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება ცალკე გამოძიებას, რომელიც მას და მის გარემოცვას ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) და ქურთისტანის საზოგადოებების კავშირთან (KCK) სავარაუდო კავშირში ადანაშაულებს, რასაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, რომელსაც სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს, იმამოღლუსა და მის გარემოცვას დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობას, გამოძალვას, ქრთამის აღებასა და თაღლითობას ედავებიან.

იმამოღლუს მხარდამჭერები მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და თურქეთის მთავრობის მიერ ოპოზიციაზე ზეწოლის ნაწილად აღიქვამენ. მათი აზრით, ეს ქმედება მიზნად ისახავს პრეზიდენტ ერდოღანის ყველა შესაძლო კონკურენტის ჩამოშორებას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.