სპეციალური საგამოძიებო სამსახური: მელიამ გამოძიებასთან თანამშრომლობა არ ისურვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური: მელიამ გამოძიებასთან თანამშრომლობა არ ისურვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ნიკა მელიამ, რომელიც გლდანში გუშინ დააკავეს, გამოძიებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მათთან თანამშრომლობა არ ისურვა.

"სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ჩვენ შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით, შევხვდით დაკავებულ პირს, ნიკა მელიას. ბატონმა ნიკა მელიამ არ ისურვა გამოძიებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება და გამოძიებასთან თანამშრომლობა. თუკი დაკავებული პირი ისურვებს გამოძიებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებას, ჩვენს მიერ გატარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიება", - ამბობს ის.

გარდა ამისა, სპეციალური საგამოძიებოს წარმომადგებელი აცხადებს, რომ "ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში" პირადად მას მელიასთვის სხეულზე დაზიანებები არ შეუმჩნევია.

"დაკავებული პირი თუ ისურვებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას, საგამოძიებო ორგანო მზად არის, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზა", - აღნიშნა მან.

სპეციალური საგამოძიებოს წარმომადგენელი დღეს მელიას ომბუდსმენის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეხვდა. სახალხო დამცველის ცნობით, ომბუდსმენის რწმუნებული გლდანში დაკავებულ სამივე ოპოზიციონერს შეხვდა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული ნიკა მელიამ სახალხო დამცველის რწმუნებულს პოლიციელის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

3 ოპოზიციონერი, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გუშინ, 22 სექტემბერს გლდანში დააკავეს. ისინი საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატზე მომხდარი ჯგუფური თავდასხმის შემდეგ მის სახლთან მივიდნენ, რა დროსაც პოლიციამ ადმინისტრაციულ კოდექსის შესაბამისად დააკავა. თუმცა მოგვიანებით უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაკავებულმა 3-მა პირმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დაზიანებები აქვთ - გამოძიება კი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.

***

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათობით ადამიანი დაესხა თავს.

ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დღეს ეძგვერაძეზე თავდასხმის საქმეზე 6 პირი დააკავეს.