
ბათუმში, ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვნის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტზე სოციალური მუშაკები განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოებისთვის სათანადო ზომები არ არის მიღებული.
"როგორც სოციალური მუშაკები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ოჯახებისა და ბავშვების წინაშე, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან საფრთხისა და რისკის ქვეშ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ოჯახებს არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა და საბაზისო რესურსებზე წვდომა, ამიტომ, ბავშვებს უხდებათ თავის გადარჩენისთვის საფრთხისშემცველ საქმიანობაში ჩართვა.
ამასთანავე, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის არ იქნა შეთავაზებული უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები და არ განხორციელებულა ბავშვთა დაცვის საკმარისი ღონისძიებები, რათა არ აღმოჩენილიყვნენ სიღარიბისა და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში.
საერთაშორისო და ადგილობრივი კონვენციებით სახელმწიფოს აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვების დაცვა, განათლება და სათანადო საცხოვრებელი პირობები. ამისათვის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უნდა აკონტროლებდეს და უზრუნველყოფდეს დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას, ხოლო მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვთა უფლებები და მხარი დაუჭიროს მათ. მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო ნებართვის გაცემისა და პროცესის მონიტორინგი.
მთავარი კითხვები და მოთხოვნები:
მოვითხოვთ, მოცემულ კითხვებზე გაკეთდეს საჯარო განცხადება და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაუყოვნებლივ, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით", - წერია განცხადებაში.