
სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსს, თორნიკე კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა. Ipn-ის თანახმად, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 150 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე.
თორნიკე კაპანაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პირველ აგვისტოს დააკავა.
პროკურატურის თანახმად, თორნიკე კაპანაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ააიპ სოფლის განვითარების სააგენტო 2019 წლიდან მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ფიზიკური პირების და ინდივიდუალური მეწარმეების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად თანადაფინანსებას ახორციელებდა.
"2021-2024 წლებში, ხსენებული პროექტის ფარგლებში გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, ბრალდებული [თორნიკე კაპანაძე] აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილი დიდ ოდენობით თანხებს, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა. ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ დადგენილი ზიანი 800 000 ლარს აღემატება.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გამოყენება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გამოყენება) წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.