სომხეთის მარეგულირებელმა რადიოსადგურ სპუტნიკის მაუწყებელს ლიცენზია შეუჩერა

სომხეთის მარეგულირებელმა რადიოსადგურ სპუტნიკის მაუწყებელს ლიცენზია შეუჩერა

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ კომპანია Тоспа-ს, რომელიც რადიო Sputnik Armenia-ს გადასცემს, მაუწყებლობის ლიცენზია 30 დღით შეუჩერა.

კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილება Тоспа-ს მიმართ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო. მარეგულირებლის ცნობით, კომპანიის შესახებ ოქმი რუსი პროპაგანდისტის, ტიგრან კეოსაიანის საავტორო გადაცემის გასვლის შემდეგ შეადგინეს. კომისიის განმარტებით, 17 ნოემბრის ეპიზოდში პროპაგანდისტმა სომხეთსა და მის მაცხოვრებლებზე "დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით" ისაუბრა და "კანონით აკრძალული ქმედებებისკენ გაავრცელა მოწოდება".

კეოსაიანმა თავის გადაცემაში გააჟღერა რამდენიმე კრიტიკული და მკაცრი შეფასება სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მისამართით და ის ღალატში დაადანაშაულა. ამავე კონტექსტში კიოსაიანმა თქვა" "ნუთუ ფაშინიანს ჰგონია, რომ ასეთი ღალატის შემდეგ ცოცხალი დარჩება?". კომისიამ აღნიშნული კომენტარი ძალადობისკენ მოწოდებად შეაფასა.

მეორე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო Абовян Тайм-ის პროგრამის გამოც. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ გადაცემა ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და გამოთქვამს მოსაზრებებს, რამაც შეიძლება "პანიკა გამოიწვიოს" ქვეყნის მოსახლეობაში.

***

რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები, რომლებიც ტრადიციულად მოკავშირეები იყვნენ, ბოლო დროს გაუარესდა. ერევანმა მოსკოვი მთიან ყარაბაღში უმოქმედობაში დაადანაშაულა.

სომხეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ რუსულმა მედიამ დაიწყო "ჰიბრიდული ომი" ერევნის წინააღმდეგ და დაარღვია მასობრივი კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება. რუსეთი, თავის მხრივ, უკმაყოფილოა სომხეთის ევროკავშირთან კავშირების გაძლიერებით და ქვეყნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანებით, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.