სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
კერძოდ, ორივე სახელმწიფო იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ ეტაპზე არსებობს ისტორიული შანსი - რეგიონში მიღწეულ იქნეს "დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა" და ამასთანავე ადასტურებენ მზაობას გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ურთიერთობების მოგვარებისა და სამშვიდობო ხელშეკრულებისაკენ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.
განცხადების მიხედვით, "ჰუმანურ ღირებულებებზე დაყრდნობითა და კეთილგანწყობით ნიშნად", სომხეთი 2 აზერბაიჯანელ სამხედროს გაათავისუფლებს, ხოლო აზერბაიჯანი - 32 სომეხ მებრძოლს.
"კეთილგანწყობის ჟესტის ნიშნად, თავისი კანდიდატურის მოხსნით, სომხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინადადებას უმასპინძლოს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩოს 29-ე კონფერენციას. სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა იმედოვნებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის სხვა ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანის მასპინძლობის იდეას. ასევე კეთილგანწყობის ჟესტის ნიშნად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მხარს დაუჭერს სომხეთის კანდიდატურას აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ბიუროს წევრობისთვის", - წერია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებაში სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა აცხადებენ, რომ გააგრძელებენ დისკუსიებს ნდობის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეფექტური იქნება უახლოეს მომავალში და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას, რაც დადებით გავლენას იქონიებს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე.