
აზერბაიჯანმა და სომხეთმა განაცხადეს, რომ მათ დაასრულეს მოლაპარაკებები ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტის გადაწყვეტის შესახებ და ორივე მხარე შეთანხმდა შესაძლო ხელშეკრულების ტექსტზე. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა France 24 ავრცელებს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, სამშვიდობო შეთანხმების საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
"სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების პროცესი დასრულებულია“, - განუცხადა ჟურნალისტებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
"სამშვიდობო შეთანხმება მზად არის ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის თარიღსა და ადგილზე", - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამ პროცესებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას დაამყარებს.
"მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ახლა დაბრკოლებები აღარ აქვს, რამაც გზა უნდა გაუხსნას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას", - წერს მაკრონი.
სომხეთი და აზერბაიჯანი 1980-იანი წლების ბოლოდან ყარაბაღისთვის იბრძოდნენ, სადაც იმ დროისთვის, მოსახლეობის დიდ ნაწილს სომხები შეადგენდნენ და სომხეთის მხარდაჭერით ყარაბაღი აზერბაიჯანს ჩამოერთვა.
2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ძალით დაიბრუნა ყარაბაღი, რის გამოც ამ ტერიტორიის თითქმის 100 000 სომეხი სომხეთში გაიქცა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეები დიდი ხნის განმავლობაში ამბოდნენ, რომ ხანგრძლივი კონფლიქტის დასასრულებლად ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა სურდათ, მაგრამ წლების განმავლობაში კამათობენ იმაზე, თუ ეს როგორ უნდა მომხდარიყო.