"სოლიდარობამ შედეგი გამოიღო" - მაღაროელებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა

"სოლიდარობამ შედეგი გამოიღო" - მაღაროელებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა

ხუთდღიანი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზს შორის შეთანხმება შედგა. ინფორმაცია Facebook-ის გვერდ მაღაროელზე გავრცელდა.

"გვაქვს სასიხარული ინფორმაცია. ჩვენმა შრომამ, სოლიდარობამ და მხარდაჭერამ შედეგები გამოიღო, სამართლიანობამ იზეიმა, შეთანხმება შედგა", - აღნიშნულია პოსტში.

მოგვიანებით, Facebook-ის პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ერთ-ერთმა მაღაროელმა დეტალების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათ მოთხოვნებს კომპანია ჯორჯიან მანგანეზი უახლოეს თვეებში შეასრულებს.

"არის რაღაც დრო, პერიოდი აღებული იმისთვის, რომ სრულყოფილებაში მოვიდეს ეს ყველაფერი, რაც ამ ადამიანების მოთხოვნა იყო. იანვრის თვიდან მაღარო გადავა 12-საათიან გრაფიკზე, რაც იყო აქ დასაქმებული ადამიანების მოთხოვნა. [...] პირველი თებერვლიდან გასწორდება ხელფასების სხვაობა და გაუთანაბრდება დანარჩენ 12-საათიან მომუშავეებს. ასევე, ის მაღაროები, რომლებიც 12 საათიან გრაფიკზე არ მუშაობენ და 8 საათიან გრაფიკზე აგრძელებენ მუშაობას, იქ მუშაობის ცოტა სხვანაირი პრინციპია, იმ ადამიანების საათობრივი ანაზღაურება ნაკლებია 12-საათიანზე მომუშავე ადამიანებისა, ესეც უთანასწორობას იწვევდა და გარკვეულ გაღიზიანებას იწვევდა დასაქმებულებში, ამიტომ ესეც გასასწორებელი, გასათანაბრებელი იყო, მივედით შედეგამდე, რომ კომპანიამ გვთხოვა, რომ გაგვეთვალისწინებინა კრიზისი, ე.წ. გაჭირვება და დრო მიგვეცა 6 თვე, პირველ ივნისს იმ ადამიანების ხელფასიც გადაიხედება, სატარიფო გაუთანაბრდება საათობრივი ანაზღაურებით 12-საათიან მომუშავეებს", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

ჭიათურაში მაღაროელები 5 დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. 700-მდე მაღაროელი სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებდა. . ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობის 12-საათიან გრაფიკზე გადასვლას და შესაბამის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.

სამი დღის წინ პირველი შეხვედრა "ჯორჯიან მანგანეზის " ადმინისტრაციასთან უშედეგოდ დასრულდა.