სლოვაკეთის პრეზიდენტი მმართველი მემარცხენე ნაციონალისტური კოალიციის კანდიდატი, პეტერ პელეგრინი გახდა.
პელეგრინიმ ხმათა 53.26% მოიპოვა და მისი პროდასავლელი მეტოქე, ივან კორკოკი დაამარცხა, რომელმაც ხმების 46.73% მიიღო.
"მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც მხარს დაუჭერს ხელისუფლებას მის ძალისხმევაში გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება... გავაკეთებ ყველაფერს, რათა სლოვაკეთი სამუდამოდ დარჩეს მშვიდობის მხარეს, და არა ომის", - თქვა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.
კანონმდებლობით სლოვაკეთის პრეზიდენტს შეზღუდული აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს, თუმცა მას შეუძლია კანონებზე ვეტოს დადება ან/და მათი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. ასევე სლოვაკეთის პრეზიდენტი ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.