ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ახალი ა(ა)იპ "სკოლისგარეშე სახელოვნებო - საგანმანათლებლო დაწესებულება - წმ. სერაპიონ ზარზმელის სახელობის აკადემია - ზარზმის" დირექტორად არქიმანდრიტი ნიკოლოზ (ერისკაცობაში ვლადიმერ) გეწაძე დაინიშნა.
სამხრეთის კარიბჭე წერს, რომ საჯარო რეესტრზე დირექტორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება 26 დეკემბერს მიიღეს, იანვარში კი ნიკოლოზ გეწაძე ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს. საპატრიარქოს ზნეობის კომისიამ მას მღვდელმოქმედება შეუჩერა.
კითხვით, რამდენად მიზანშეწონილია საგანმანათლებლო დაწესებულებაში არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძის ყოფნა ხელმძღვანელ პოზიციაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას სამხრეთის კარიბჭე დაუკავშირდა - მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ააპი-ი ჯერ არ ფუნქციონირებს. სხვა კითხვებზე კი კომენტარი არ გააკეთეს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სამხრეთის კარიბჭეს უდასტურებს, რომ არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს.
ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, ახალგაზრდა ქალები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. სამი მათგანი სამხრეთის კარიბჭეს უყვება, როგორ სთავაზობდა მოძღვარი, აღსარების ჩაბარების დროს, სექსუალურ ურთიერთობას. ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ნიკოლოზ გეწაძე ახალგაზრდა ქალების მიერ მონაყოლს არ აღიარებს. არქიმანდრიტის სულიერმა შვილმა, ნიკოლოზ ბერიძემ გამოცემას გადასცა აუდიო მასალა, სადაც მისი თქმით, სასულიერო პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.