მოძრაობა სირცხვილია აქციაზე მყოფი 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ "მის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ ის განზრახ აირჩია პოლიტიკური მართლმსაჯულების პირველ სამიზნედ".
როგორც სირცხვილიას განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი პარტიის წევრებმა ჩათვალეს, რომ ახალგაზრდული იმიჯის გამო ლაზარე დისკრედიტაციის ხელსაყრელი სამიზნე იქნებოდა, საზოგადოებას კი მის ბრალეულობაში ადვილად დაარწმუნებდნენ.
"მარტის აქციების შემდეგ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აქტიურად ქმნიდნენ რუსთაველზე მყოფი ახალგაზრდების კრებით სახეს სიტყვებით: "სატანისტები", "ანარქისტები", "ექსტრემისტები". როგორც ჩანს, 3-კვირიანი მუშაობის შედეგად, სისტემამ განტევების ვაცი იპოვა.
სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედია საშუალებებმა უკვე გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია:
• თითქოს, ლაზარე პოლიტიკური პარტიის წევრია, რაც სიცრუეა და ეს ოფიციალურად დასტურდება. • თითქოს მან მამაზე იძალადა, რაც ასევე სიცრუეა და ეს ლაზარეს მამამ თავადვე საჯაროდ უარყო. ქართული ოცნებისთვის პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლების იმიჯის შელახვა კარგად ნაცნობი პრაქტიკაა: • კარტოგრაფების საქმე, როცა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთან დაკავშირებით ხელისუფლება იტყუებოდა, რომ მეცნიერები ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ და რუსეთთან თანამშრომლობდნენ; • ლუკა სირაძე - პოლიციის მიერ ძალადობის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანილი არასრულწლოვანი და ხელისუფლების პროპაგანდა, რომ მას მენტალური პრობლემები ჰქონდა; • ლექსო ლაშაქარავა - პრორუსი მოძალადეების მიერ მოკლული ოპერატორი და შსს-ს ტყუილი, თითქოს ის ზედოზირებას ემსხვერპლა.
ხელისუფლების მიზანია საზოგადოების დაყოფა და იმ აქტიური მოქალაქეების სამაგალითოდ დასჯა, რომლებმაც კონსტიტუციის მიღმა გასული ხელისუფლების შესაჩერებლად და ევროპული არჩევანის დასაცავად ჯერ არნახული, სამართლიანი ბრაზი გამოხატეს. 7, 8 და 9 მარტის პროტესტს არ ჰყოლია დამნაშავე ხელისუფლების გარდა. ლაზარე გრიგორიადისის პირველი პროცესი დღეს, 13:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში გაიმართება", - წერს სირცხვილია.
***
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
გრიგორიადის დაკავების შესახებ შსს-ის განცხადების შემდეგ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი".
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.