
უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სირსკიმ, განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა შეაჩერეს რუსული ჯარების წინსვლა სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში.
მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა კრემლი აიძულეს, დაახლოებით 50 000 რუსი ჯარისკაცი, მათ შორის ელიტური საჰაერო-სადესანტო და საზღვაო ქვეითთა ბრიგადები, ჩრდილოეთ სლობოჟანშჩინასა და კურსკის ფრონტებზე გადაესროლათ.
"ჩვენმა შეტევითმა ქმედებებმა კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში მტერი აიძულა, ჯარების გარკვეული ნაწილი თავისი ტერიტორიის დასაცავად გადაეგზავნა. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა მტრის ჯარების ძირითადი ჯგუფის შეტევითი შესაძლებლობები სუმის ფრონტზე", - განაცხადა სირსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სუმის ოლქში უკრაინელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი სიმაგრეებისა და საინჟინრო სისტემების გაძლიერებაა.
"ასევე დაინიშნა თანამდებობის პირი, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი სუმის ოლქის ქალაქებისა და თემების მომზადებაზე თავდაცვაში და საინჟინრო ბარიერების სისტემის ეფექტურობის უზრუნველყოფაზე", - თქვა მან.