უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ბუდაპეშტს უკრაინის საკითხზე პოზიცია არ შეუცვლია.
მოლაპარაკებები გუშინ, ბრიუსელში გაიმართა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, სიიარტომ კიდევ ერთხელ გაიმეორა უნგრეთის ხელისუფლების პოზიცია, რომ ევროკომისიის წინადადება უკრაინის შესახებ მოუმზადებელია და ევროკომისიას პრაქტიკულად, არ აქვს წარმოდგენა, თუ რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველი შეხვედრა იყო.
15 დეკემბერს უნდა გადაწყდეს უკრაინა-მოლდოვისთვის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება, საქართველოსთვის კი კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
გუშინ, ბრიუსელში, ევროსაბჭოს მინისტერიალის შეხვედრის დაწყების წინ კულებამ განაცხადა, რომ თუ ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ამას დამანგრეველი შედეგი ექნება უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის.