აქტივისტი, ლუკა შველიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ სახლთან ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ, ამბობს, რომ მას ბოლო დღეების განმავლობაშ მის ტელეფონზე მუქარის შემცველი ზარები შედის.
ამასთან, ის ფორმულას ეთერში მასზე თავდასხმას დეტალურად იხსენებს.
"სადღაც 30 წუთის წინ სახლთან დამხვდნენ და ჩემი მეზობლების ინფორმაციით ვიცით, რომ მთელი დღე მელოდებიან - მე უბრალოდ გასული ვიყავი სახლიდან. შემოსვლის თანავე წამოვიდა 2 ადამიანი, რომელმაც ხელი მომკიდა და ჩამავლო პალტოზე - შემეკითხეს ლუკა შველიძე შენ ხარო - რომ ვუპასუხე კი, ამ ორმა დაიწყო რტყმა და უკან კიდევ მოყვებოდა 2 ადამიანი.
თან მქონდა წიწაკის სპრეი, წიწაკის სპრეი გამოვიყენე თუ არა, მეზობლებიც გამოვარდნენ ყვირილზე და გაიქცნენ ეგრევე. სახის არეში მაქვს ნარტყამი და თავის ტკივილი მაქვს ამჟამად. სასწრაფო მყავს გამოძახებული.
ყოველდღე ჩემთან იყო მუქარის შემცველი ზარები, პლიუს ამას, რამდენიმე დღის წინ და ამ დღეების განმავლობაში (როცა სპიკერი ვარ), ვამთავრებ თუ არა სფიჩს და ლაპარაკს, პირდაპირ შემოდის ხოლმე ტელეფონზე ზარი ფრაზით: "გხედავთ, გიყურეთ და შენ ნახე რა გიქნათ და გინება". ცდილობენ რომ დაგვაშინონ. ცემით და დარეკვებით ვერ შეგვაშინებენ. ამ დღეებშიც ვიქნები აქციებზე და არ შევწყვეტ სიარულს. სულ რომ ფეხები დამიმტვრიონ, ეტლით მოვალ აქციებზე", - ამბობს აქტივისტი გადაცემაში პოლიტმეტრი.