შვედეთი NATO-ს 32-ე ოფიციალური წევრი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გაწევრიანების პროტოკოლის მიხედვით, დოკუმენტი ძალაში 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა.
ცნობილია, რომ ვაშინგტონში შვედეთის პრემიერი, ულფ კრისტენსონიც იმყოფება და კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრება.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯი 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადადგეს.
ალიანსში ახალი ქვეყნების მისაღებად ბლოკის ყველა წევრის თანხმობა იყო საჭირო. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი და უნგრეთი აფერხებდნენ.
გასული წლის აპრილში ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა.