შსს თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება ირწმუნება, რომ პოლიციელებმა მოპედის მძღოლი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მიუახლოვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მათივე ცნობით, პოლიციელებმა აღნიშნულ ადამიანს ალკოტესტზე/ნარკოტესტზე შემოწმების გავლა მოსთხოვეს, რაზეც აღნიშნულმა პირმა განაცხადა უარი და პოლიციის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა.

შსს-ში ამბობენ, რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ადგილზე დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"ასევე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის გ.კ.-ს დაკავებისას, ამავე ავტომობილის მგზავრმა, სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთი გამვლელი პირი კი, სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ", - წერია განცხადებაში.

შსს ასევე ირწმუნება, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალა, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ პოლიციელები მოქალაქეზე ძალადობს, ინციდენტს სრულად არ ასახავს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები", - წერს შსს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი ამაღლების ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ქუჩაში გამვლელებმა პოლიციელთა მხრიდან ახალგაზრდა კაცის მანქანიდან ძალადობრივი გადმოთრევა გააპროტესტეს. კადრებში ჩანს, რომ ამ დროს შუახნის კაცს პოლიციელი პერანგში წვდა, კაცი ცუდად გახდა და ძირს ეცემა.