შსს-ში დაკითხვაზე მყოფი ადამიანი, შეუძლოდ გახდა - კლინიკაში გადაყვანიდან 2 დღეში გარდაიცვალა

შსს-ში დაკითხვაზე მყოფი ადამიანი, შეუძლოდ გახდა - კლინიკაში გადაყვანიდან 2 დღეში გარდაიცვალა

შსს-ის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში "საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით" იმყოფებოდა შეუძლოდ გახდა, ხოლო კლინიკაში გადაყვანიდან 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

კერძოდ, გარდაცვლილი სამმართველოში 7 ივნისს თბილისში მომხდარი დაპირისპირების საფუძველზე გადაიყვანეს.

დაპირისპირებისას, ორმა ადამიანმა გარდაცვლილ ა.ყ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ა.ყ. მათ ცივი იარაღით დაესხა თავს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მოგვიანებით ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს 1998 წელს დაბადებულმა ს.უ.-მ და 1996 წელს დაბადებულმა დ.ს.-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავის არეში დაზიანებების მიაყენეს 1987 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ა.ყ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა ს.უ.-სა და დ.-ს.-ს, ხოლო მისმა თანმხლებმა პირმა ფიზიკურად იძალადა მათზე. მომხდარი ფაქტის შემდეგ, როგორც დაპირისპირებაში მონაწილე, ისე მომხდარის შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში იქნენ წარმოდგენილი.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მასალა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში მყოფი ა.ყ. გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა, სამართალდამცავებმა სასწრაფო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა. პოლიციამ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ორ დღეში ა.ყ. სამწუხაროდ გარდაიცვალა. პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ბრალდების სამი პირი უკვე დააკავა, მათ შეფარდებული აქვთ პატიმრობა. დანიშნულია ყველა ექსპერტიზა და საგამოძიებო ორგანო ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას", - თქვა დარახველიძემ.