
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის მიერ ტაქსის მძღოლის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
მათი მტკიცებით, შსს-ს თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, მოქალაქემ კი მათ მიმართ აგრესია გამოხატა. მათივე თქმით, ტაქსის მძღოლი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით, შეაჩერეს.
მსუბუქ ავტომობილს 1985 წელს დაბადებული ო.მ. მართავდა, რომელმაც სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია და ადგილიდან მიმალვას შეეცადა.
პოლიციამ სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ო.მ დააკავა.
შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, სამართალდამცველებმა ო.მ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს", - წერს შსს.
დღეს, 12 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს ძალის გამოყენებით აკავებს.