შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტებთან დათო ფუთურიძესთან და ნიკოლოზ ლაცაბიძესთან სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ფორმულას შსს-ში განუცხადეს, რომ საქმე ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტს ეხება და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ინფორმაცია აქტივისტების შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მოქალაქე ანი ბედელაძემ გაავრცელა.
"დათო ფუთურიძე აიყვანა დღეს პოლიციამ ვაჟაზე (გზაზე გააჩერეს). 12 საათიდან ვერ უკავშირდებოდნენ. ახლა მის სახლს ჩხრეკს პოლიცია – როგორც ამბობენ, პულივერიზატორებით მოხატვის გამო. ამ დრომდე ვეძებთ დათოს მეგობარს, ნიკოლოზ ლაცაბიძეს, რომელიც ასევე აიყვანეს ქუჩიდან, ორივე იყო მარტო", – წერს ბედელაძე.
ამასთან, ლაცაბიძის დედა, ია შარაბიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი სახლიდან გასვლის შემდეგ პოლიციამ წაიყვანა.
"ეხლა ჩემი შვილი ნიკოლოზ ლაცაბიძე სახლიდან გავიდა და პოლიციამ წაიყვანა. მეგობარს მობილურზე ესაუბრებოდა და იმას უთხრა პოლიციამ გამაჩერაო , ამიტომ გავიგეთ. სად ვეძებო და სად დავრეკო? გთხოვთ გამარკვიოთ", - წერს ია შარაბიძე.