შსს: პოლიციის მაიორი იძულებული გახდა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, გაესროლა

შსს: პოლიციის მაიორი იძულებული გახდა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, გაესროლა

თბილისში, ღრმაღელის მეტროსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ძაღლს ცეცხლი გაუხსნა.

ინფორმაცია თავდაპირველად Facebook-ზე, ჯგუფ ცხოველთა უფლებების კომიტეტში გამოქვეყნდა, სადაც მოქალაქე წერდა, რომ თვითმხილველების თქმით, ძაღლმა ბავშვს დაუყეფა, რის შედეგადაც, შსს-ს თანამშრომელმა მას იარაღიდან ესროლა.

ფორმულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც თქვეს, რომ პოლიციის მაიორი შეეცადა, მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც, იძულებული გახდა, სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა.

მათივე თქმით, მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ.

პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში - ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა", - უთხრეს ფორმულას შსს-ში.